
ესთეტიკური მედიცინა დღითიდღე ვითარდება. ამ პროცესში კი დიდ როლს თამაშობს ნუტრიკოსმეტიკა. ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული და კარგად დამკვიდრებული მეთოდი ახლა უკვე საქართველოშიც პოპულარულია. ჩვენ ტოტალ შარმის დერმატო-კოსმეტოლოგს, თამარ დარჯანიას გავესაუბრეთ, რათა გაგვერკვია, როგორია თავის მოვლის სწორი და ეფექტიანი გზა და კონკრეტულად როგორ მოქმედებს ნუტრიკოსმეტიკა ჩვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კანზე ზრუნვა და რა საშუალებებს უნდა მივმართოთ?
ნორმალური ტიპის კანზე ზრუნვა, სასურველია, ახალგაზრდა ასაკშივე დავიწყოთ. თავდაპირველად, როგორც წესი, საკმარისია ადგილობრივად სხვადასხვა კოსმეტიკური შრატების, კრემების თუ საკვები დანამატების გამოყენება, საშუალოდ 30-35 წლის ასაკიდან კი ზოგჯერ საჭირო ხდება სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაც. უფრო პრობლემური კანის შემთხვევაში, განსხვავებული მიდგომაა. მაგალითად, ცხიმიანი კანი ხშირად მოზარდებში გვხვდება და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში სასურველია გამშრობი საშუალებების გამოყენება – იქნება ეს სახის დასაბანი გელები, გამწმენდი ლოსიონები, ცხიმიანობის მარეგულირებელი გელები თუ კრემები. მშრალი კანის შემთხვევაში კი უფრო ცხიმიანი კრემები უნდა გამოვიყენოთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია 30 წლამდეც კი გაკეთდეს კანის დამატენიანებელი ინექციური თუ არაინექციური პროცედურები.
რამდენად სწორი და უსაფრთხოა სახლის პირობებში მომზადებული სხვადასხვა სკრაბებისა და კრემების გამოყენება?
სახლის პირობებში გამოსაყენებელი სკრაბებიდან დღემდე პოპულარულია ტრადიციული მჭადის ფქვილი და ყავა. მათი გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა მათი ყოველდღიური მოხმარება სასურველი არ არის. რაც შეეხება კოსმეტიკურ კრემებს, მათი დამზადება სახლის პირობებში რეკომენდებული არ არის, რამდენადაც აუცილებელია სპეციალური განათლება და, რა თქმა უნდა, სანიტარული ნორმების დაცვა. როდესაც ჩვენს ბაზარზე უამრავი კარგი ხარისხის და შემადგენლობის მქონე კოსმეტიკური საშუალებაა, ვფიქრობ, მათი გამოყენება უფრო მეტად უსაფრთხოა, ვიდრე კუსტარულად დამზადებული საშუალებების.
სკრაბის ხშირი გამოყენება და გამწმენდი პროცედურები კანის დამცავ ფენას საფრთხეს ხომ არ უქმნის?
სკრაბით პროცედურების ჩატარება ყოველთვის გამართლებული არ არის. მაგალითად, მშრალი კანის შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ძალიან მსუბუქი ტექსტურის სკრაბი და ისიც იშვიათად. ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი შეგვიძლია ჩავიტაროთ პროცედურა კვირაში 1-2-ჯერაც. ძალიან არ უნდა გადავაშროთ და ავქერცლოთ კანი, რათა არ დაირღვეს კანის ბარიერული ფუნქცია.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ სახის კანი და თმა იდეალურად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს?
პირველ რიგში, საჭიროა, გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რათა გაიგოთ როგორი ტიპის კანი და თმა გაქვთ, რა გჭირდებათ და რომელი საშუალებებია თქვენთვის სასურველი. იმისათვის, რომ თქვენი კანი და თმა იდეალურად გამოიყურებოდეს, აუცილებელია ყოველდღე ცოტა დრო დაუთმოთ საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას. მეტად ეფექტიანია ადგილობრივი თერაპიის, კოსმეტოლოგიური პროცედურების და ნუტრიკოსმეტიკის ერთდროული გამოყენება. მათი კომბინაციის შემთხვევაში, სასურველი ეფექტი უფრო მალე დგება და დიდხანს ნარჩუნდება. რამდენადაც რთულია ჯანსაღად კვება, რეჟიმის დაცვა და სტრესული გარემოსგან თავის არიდება, ნუტრიკოსმეტიკა საშუალებას გვაძლევს შევავსოთ ორგანიზმი საჭირო მიკროელემენტებით და აღვადგინოთ ნივთიერებათა ბალანსი, რაც ეხმარება ორგანიზმს სწორად ფუნქციობაში.
როგორია ნუტრიკოსმეტიკის როლი ესტეთიკურ მედიცინაში?
ნუტრიკოსმეტიკა აძლიერებს და ახანგრძლივებს კოსმეტოლოგიური პროცედურების ეფექტს. სილამაზეზე ზრუნვა არ გულისხმობს მხოლოდ გარეგანი მოხმარების კრემების გამოყენებას, ან მხოლოდ კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას. სრულყოფილი შედეგისათვის აუცილებელიც კია სხვა საშუალებებთან ერთად მათი გამოყენება.
ძირითადად რომელი კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ უწევთ რეკომენდაციას ნუტრიკოსმეტიკის გამოყენებას?
ნებისმიერი კოსმეტოლოგიური პროცედურის შემდეგ, რომელიც მიმართულია გაახალგაზრდავებიკენ – იქნება ეს პილინგი, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია თუ სხვა, სასურველია ნუტრიკოსმეტიკული საშუალებების გამოყენება. როგორც აღვნიშნე, კომბინირებული თერაპია ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ცალკეული პროცედურები.
ზაფხული მოდის, შესაბამისად ქალბატონებისათვის აქტუალური თემა რუჯის მიღებაა. რას ურჩევდით მათ? როგორ მოემზადონ რუჯისთვის და რა ზომებს მიმართონ, რომ თავიდან აიცილონ რუჯისმიერი კანის გამოშრობა, აქერცვლა და თმის დაზიანება?
სიცხე და მზე, ისევე როგორც ძლიერი სიცივე, დიდი სტრესია კანისათვის და თმისთვის, ამიტომ სასურველია ამ სტრესს მომზადებული შეხვდეთ. პირველ რიგში, გირჩევთ (განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში) დიდი რაოდენობით წყლის მიღებას. გაზაფხული კარგი პერიოდია კანის მოსამზადებლად, სხვადასხვა ინექციური თუ არაინექციური პროცედურების ჩასატარებლად. სასურველია მიიღოთ ანტიოქსიდანტების შემცველი ნუტრიკოსმეტიკული საშუალებები, რადგან მზე კანის უჯრედებში ჭარბად წარმოქმნის მავნე თავისუფალ რადიკალებს, რაც იწვევს უჯრედების დაბერებას და კვდომას. დაიცავით რუჯის მიღების წესები, ნუ გახვალთ მზეზე შუადღეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიტანეთ კანზე მაღალი ფაქტორის შემცველი მზისგან დამცავი კრემები. შედეგად მიიღებთ თანაბარ რუჯს და თავიდან აიცილებთ კანის დამწვრობას. ეცადეთ მზეზე ჯდომისას მუდმივად გეხუროთ ქუდი, რათა დაიცვათ თმა გამოშრობისა და გაუხეშებისაგან.
რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც სურს, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს და დიდხანს შეინარჩუნოს უნაკლო კანი?
გირჩევთ ადრეულ ასაკშივე დაიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვა, არ დაელოდოთ, როდის გაგიჩნდებათ პირველი ნაოჭი. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, ძილის რეჟიმის დაცვას, დაკავდით სპორტით, მოერიდეთ მავნე ჩვევებს, თამბაქოს, ალკოჰოლს… გამოიყენეთ ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებები და რაც მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის! თქვენ მშვენიერი ხართ!
© beautymagazine.ge