
ჭარბი წონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. სიმსუქნეს ხშირად დაავადებასაც უწოდებენ. ორგანიზმის გენეტიკური და ფსიქოლოგიური განწყობა, ცხოვრების წესი, კვების რაციონი – ჭარბწონიანობის განმაპირობებელი ფაქტორების არასრული ჩამონათვალია. მასთან ბრძოლას ვიწყებთ ყოველი თვის პირველ რიცხვში, ყოველ ორშაბათს, ყოველ დილას… ხშირად, ეს გადაწყვეტილება გვეხმარება, რომ საღამოს უბრალოდ მშვიდად, გემრიელად მივირთვათ – მიღებული კალორიების მეორე დღეს მოშორების იმედით.
თვითნებური დიეტებით, აუცილებელ პროდუქტებზე უარის თქმით ან რაციონში მხოლოდ ერთი სახის პროდუქტის შეტანით უდიდეს დარტყმას ვაყენებთ როგორც ორგანიზმს, ისე ნერვებს და ჩვენსს განწყობას. თუმცა, ამაზე ვეღარ ვფიქრობთ, როდესაც სარკის წინ ვდგებით. ზედმეტ კილოგრამებს და დიდი ხნით გარდერობში გადადებულ მცირე ზომის ტანსაცმელს მაინც დიეტის, უფრო ზუსტად, შიმშილის დაწყებამდე მივყავართ.
ძალიან ცოტას თუ ახსენდება, რომ დიეტა სწორ კვებას ნიშნავს. ჭარბ წონასთან ბრძოლა კი გარკვეულ დროსა და აქტივობებს მოიცავს იმისათვის, რომ დაკლებული კილოგრამები რამდენიმე დღეში არ ავინაზღაუროთ. ამ თემასთან დაკავშირებით ენდოკრინოლოგს, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ ქეთევან ასათიანს მივმართეთ.
ქალბატონო ქეთევან, ჭარბი წონა ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ძირითადად რა იწვევს წონის მატებას?
წონის მატების მიზეზი მრავალგვარია, მაგალითად:
- არასწორი კვება და უმოძრაო ცხოვრების წესი
- გარემო ფაქტორები
- გენეტიკური განწყობა
- თანმხლები დაავადებები და მათ სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები
- სტრესი, გამძაფრებული ემოციური ფონი
- არასრულფასოვანი ძილი
ხშირ შემთხვევებში, წონასთან ბრძოლაში ვმარცხდებით. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
თუ ძირეულად არ შეიცვლება ცხოვრების წესი სწორი კვების პრინციპების დამკვიდრების, ფიზიკური აქტივობის გაზრდისა და წყლის მიღების სწორი რეჟიმის შემუშავების თვალსაზრისით, წონის პრობლემა ვერ გადაიჭრება, ხოლო თუ მივირთმევთ ხშირად, მცირე ულუფებით – ცილას, ცხიმს, ნახშირწყალს, მიკრო-მაკროელემენტებს დაბალანსებულად და გაიზრდება ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, მაშინ სასურველი შედეგის მიღწევა, ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელი გახდება.
რა როლი აქვს ამ მხრივ ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობას?
ყველაზე რთული სწორედ ადამიანის კვების ქცევის შეცვლაა. პიროვნების ფსიქოლოგიურ განწყობას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს არამხოლოდ ჭარბ კილოგრამებთან “ბრძოლაში”, არამედ სხვა მრავალი საკითხის მოგვარებაში.
რა ზიანს გვაყენებს თვითნებური დიეტები და არსებობს თუ არა უნივერსალური კვების რაციონი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისათვის ეფექტიანი იქნება ჭარბ წონასთან ბრძოლაში?
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს რაიმე “უნივერსალური” დიეტა, რომლის დაცვის შედეგად სასურველი კილოგრამების დაკლება ყველა ადამიანში თანაბრად მიიღწევა. ამა თუ იმ დიეტის შედგენის საფუძველს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ინდივიდუალური პროცესები განაპირობებს. პირველ რიგში, უნდა მივაკვლიოთ ჭარბი კილოგრამების გამომწვევ მიზეზს და ამის შესაბამისად შევადგინოთ კვების ინდივიდუალური რაციონი და გრაფიკი. ეს პრინციპი სხვადასხვა თვითნებური ე.წ. დიეტის დაცვის დროს გათვალისწინებული არ არის. განვითარებული გვერდითი არასასურველი ეფექტებიდან გამოვყოფდი თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევას, სისხლში ჰემოგლობინის, შრატის, რკინის დონის დაქვეითებას, ემოციური ფონის გამძაფრებას, ადვილად დაღლას, საერთო სისუსტეს, ზოგ შემთხვევაში ძილიანობას, ზოგჯერ კი – უძილობას.
ხშირად გასუქებას თამბაქოსთვის თავის დანებებას მიაწერენ. რა კავშირშია თამბაქო და წონაში მატება ერთმანეთთან?
თუ იმ ინტენსივობით ხდება წახემსება და ე.წ. „ფუჭი კალორიების“ მიღება, რასაც თამბაქოს მოწევას ანდომებდა ადამიანი, მაშინ ბუნებრივია, ჭარბი კილოგრამების განვითარების ალბათობა იზრდება. ჩვეულებრივ, ასე ხდება: თამბაქოს მოწევას თავს რომ ანებებენ, ცდილობენ ის დრო ჩაანაცვლონ სხვა, შედარებით სასარგებლო, ან მათთვის მისაღები აქტივობით. უმეტესად, არჩევანი წახემსებაზე ჩერდება.
რეკომენდებულია თუ არა ვარჯიში და მით უმეტეს, მკაცრი დიეტის დროს ძლიერი ფიზიკური დატვირთვა?
ისევე როგორც დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალურად შედგენილი თითოეული ადამიანისათვის, ასევე ფიზიკური აქტივობის ინტენსივობაც დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესზე, დღის რეჟიმზე, თანმხლებ დაავადებებზე. ფეხით სიარული ყველაზე მარტივი, სასარგებლო და უსაფრთხოა.
რა საშუალებებით უნდა შევივსოთ ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების ბალანსი?
რაციონალურად შედგენილი დიეტისას საჭირო ნივთიერებების ბალანსი დაცულია. მაგალითად, საუზმე დღიური რაციონის 25%-ს უნდა შეადგენდეს, სადილი – 35%-ს, სამხარი – 15%-ს და ვახშამი – 25%-ს. ვახშამი სასურველია მივირთვათ დაძინებამდე სულ მცირე, 3 საათით ადრე. რაც შეეხება კონკრეტულ კომპონენტებს – ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი – საშუალოდ მათი თანაფარდობა შემდეგია – 1:1:4, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას 1:1:5, ხოლო გონებრივი შრომის დროს 1:0.8:3.
კვების რაციონიდან გარკვეული პროდუქტების ამოღება, ზრდის თუ არა კანთან, თმასა და ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკს?
დაბალანსებული დიეტის დროს ეს ნაკლებად ხდება. ყოველთვის ვცდილობთ, მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტების სწორად ჩანაცვლება. ზოგადად, ის მიდგომა, რომ დიეტის დროს საკვები რაციონიდან რომელიმე პროდუქტი მთლიანად უნდა ამოვიღოთ, მიზანშეწონილი არ არის. თუ ადამიანს აქვს ალერგია, ან რაიმე ინდივიდუალური “მიუღებლობა” კონკრეტული პროდუქტის მიმართ, ეს სხვა საკითხია. ზოგადად, სწორი კვების დროს ჯანსაღი პროდუქტების ამოღება რაციონიდან მიზანშეწონილი არ არის.
გარდა მოწესრიგებული რაციონისა, გიწევთ თუ არა მკურნალობის სქემაში ისეთი საშუალებების ჩართვა, რომლებიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობენ ნივთიერებათა ცვლას და მეორე მხრივ დაიცავენ პაციენტს კანის, თმისა და ფრჩხილის პრობლემებისაგან?
დამატებითი სასურველი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად პერიოდულად ვიყენებ მსგავს საშუალებებს. ვცდილობ, დავეხმარო პაციენტებს, როგორც შინაგანი სიჯანსაღის, ასევე გარეგნული სილამაზის მიღწევაში;
არსებობს სტერეოტიპი, რომ ნუტრიკოსმეტიკამ შესაძლოა წონის მომატება და მადის გაძლიერება გამოიწვიოს, თქვენს პრაქტიკაში დაფიქსირებულა მსგავსი რამ?
თუ კვების რაციონი ზუსტად არის მორგებული ადამიანის მეტაბოლიზმს, შერჩეული პრეპარატიც ადეკვატურად არის დანიშნული, მსგავსი ჩივილის ალბათობა, მინიმალურია.
რა ინტენსივობით ურჩევდით ჩვენს მკითხველს ორგანიზმის გაჯანსაღებას ნუტრიკოსმეტიკური საშუალებით?
უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ პრეპარატის მიღების ჩვენება. მკითხველს ვურჩევდი, ერთხელ მაინც მიმართოს სპეციალისტს (დერმატოლოგს, ენდოკრინოლოგს), მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასურველი პრეპარატის შესახებ, დააკონკრეტოს მიზეზი, თუ რატომ სურს მისი მიღება, აქვს თუ არა რაიმე ჩივილი; განისაზღვროს ყველა დადებითი ან უარყოფითი მხარე, რაც შესაძლოა თან სდევს სასურველი კომპლექსის მიღებას და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს.
რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, რა ზოგად რეკომენდაციებს მისცემდით ჩვენს მკითხველს იმისათვის, რომ ჰქონდეთ მოხდენილი და ჯანსაღი სხეული?
ა) სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. სწორედ საკვები, რომლითაც ვიკვებებით, უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილების განვითარებას და მუდმივ განახლებას. ის არის ენერგიის წყარო, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ხარჯავს არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, არამედ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. საკვები არის იმ ნივთიერებათა წყარო, რომელთა მეშვეობითაც ხდება ფერმენტების, ჰორმონების და ნივთიერებათა ცვლის სხვა მარეგულირებელი ფაქტორების სინთეზი.
ბ) ფიზიკური აქტივობა;
გ) სულ მცირე 1,5 ლ წყალი დღის მანძილზე;
დ) სრულფასოვანი ძილი;
ე) მეტი დადებითი ემოცია!