Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საზოგადოებაში გაჩნდა მაღალი ინტერესი ორსულთა მიმართ – არიან თუ არა ორსულები რისკ ჯგუფში და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ორსულის კორონა ვირუსით დაინფიცირებას. სწორედ ამიტომ, „Liveმედის“ ჩართვამ ექიმ მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს, ამერიკისა და ევროპის რეპროდუქციული მედიცინის ასოცაციის წევრს, ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელს, ნანა ჯანელიძე-ყურაშვილს უმასპინძლა.
როგორც ქ-ნმა ნანამ აღნიშნა, ახალი კორონა ვირუსი ახალი გამოწვევაა, რომელიც ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია. დღემდე არსებული შეჯამებული ინფორმაციის მიხედვით ინფიცირების რისკ ჯგუფში გარდა კონკრეტული, ქრონიკული დაავადებებს მქონე პირებისა, ინფიცირების რისკის ქვეშ ასევე იმყოფება მთელი მოსახლეობა ასაკისა და სქესის მიუხედავად. არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ინფიცირებული ადამიანების 80%-ს დაავადება გადააქვს მსუბუქი სიმპტომატიკით. რაც შეეხებათ ორსულებს, ამ დაავადების მიმართ მათ განსაკუთრებული სენსიტიურობა არ აქვთ და ისეთივე რისკის ქვეშ არიან, როგორც სხვა ადამიანები. თუ ქალბატონი ჯანმრთელია, დაინფიცირების შემთხვევაში ინფექცია ისეთივე მსუბუქი ფორმით წავა, როგორც სხვა ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში.
ქ-ნო ნანა, რამდენად ახდენს ვირუსი გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე?
როგორც უკვე მოგახსენეთ, „Covid-19” ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, თუმცა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საერთაშორიო ორგანიზაციების მხირდან გვაქვს მოწოდებული ჯერჯერობით არ დადასტურებულა ფაქტი, რომ ახალი კორონა ვირუსი გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე ან ზრდის ნაადრევი აბორტის (მოშლის) რისკს. თუ ორსული მეორე-მესამე ტრიმესტრში ინფიცირდა, შესაძლოა ვივარაუდოთ რომ, გაიზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ გესტაციური ვადის მქონე ორსულებს (20-28 კვრა). ასევე, არ არის დადასტურებული ანტენატალურ პერიოდში ვირუსის დედიდან ნაყოფზე გადაცემა.
რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, თუ ორსულს დაუდასტურდა „Covid-19” ინფექცია?
ქალი, რომელსაც დაუდასტურდება ინფექცია, უნდა მოთავსდეს სათანადო კლინიკაში, სადაც მოხდება მაქსიმალური ხელშეწყობა და დაკვირვება. რაც შეეხება მშობიარობას, ქალბატონი სამშობიარო სახლში იზოლირებული უნდა იყოს. ფიზიოლოგიური მშობიარობა დაშვებულია, თუმცა ახალშობილთან კონტაქტი უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. ექიმების ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ დაინფიცირებულ დედას შეუძლია ძუძუთი გამოკვებოს ახალშობილი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის შემთხვევში. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალშობილმა დედის რძე ბოთლით უნდა მიიღოს.
არის თუ არა საშიში პანდემიის პერიოდში დაორსულება ან ორსულობის დაგეგმარება?
თუ ქალი ჯანმრთელია, იცავს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების, ეპიდემიოლოგთა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების ორსულობის დადგომა ან დაგეგმარება საფრთხეს არ წარმოადგენს.
რა სიხშირით უნდა განახორციელოს ვიზიტი ექიმთან ორსულმა?
ორსულობის დადგომისთანავე უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება და მის მიერ ორსულის ჩივილების შესწავლა. თუ გამოიკვეთება ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც აუცილებელი იქნება პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, ამის უზრუნველყოფა და ორგანიზება შესაძლებელია ცხელი ხაზის დახმარებით და კლინიკის მენეჯმენტით. თუ ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში, 11 კვირამდე ექიმთან ვიზიტი სავალდებულო არ არის. 11 კვირაზე ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებთ ორსულის და ორსულობის პროცესის შესახებ. პირველ რიგში, ტარდება კონსულტაცია და ულტრაბგერითი გამოკვლევა, ვადგენთ ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას, გულისცემას, ხდება ანომალიების (არსებობის შემთხვევში) აღმოჩენა. 11 კვირაზე ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკოსის კონსულტაცია და გენეტიკურ დაავადებებზე ანამნეზის აკრება. ანუ, პირველივე ვიზიტზე ხდება იმ ორსულების გამოვლენა, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ პრენატალური გენეტიკური სკრინინგის ჩვენება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შესაძლებლობა, გამოვრიცხოთ ე.წ. დაუნის სინდრომი. ის სამიდან ერთ-ერთი ქრომოსომული აბერაციაა, რომელიც სიცოცხლესთან შეთავსებადია. შემდგომი ვიზიტი უნდა განხორციელდეს 18-20 კვირაზე. ამ პერიოდში ტარდება ექსპერტული ულტრაბგერა, როდესაც ნაყოფის ჩამოყალიბებულ ორგანოებს ვაკვირდებით და ვსწავლობთ, არის თუ არა განვითარების ანომალია. შემდგომი ვიზიტი უნდა მოხდეს 28-30 კვირაზე, ამის მომდევნო კი შეიძლება დაინიშნოს 36 კვირაზე. კვლევას თანდათან ემატება სხვადასხვა პარამეტრები და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა (მინიმუმ სისხლის და შარდის საერთო ანალიზი).
რაც შეეხება ორსულობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდს, როგორ უნდა აღდგეს ორსულობის დროს განვითარებული საჭირო ნივთიერებების დეფიციტის ბალანსი?
აუცილებელი მიკროელემენტებისა და ვიტამინების მიღება უნდა მოხდეს ბალანსირებული კვებით და რაციონში აუცილებელი პროდუქტების ჩართვით. თუმცა, მშობიარობის შემდეგ, პატარას მოვლა იმხელა ძალისხმევას მოითხოვს, რომ ხშირად შეუძლებელია რაციონის გაკონტროლება. ამიტომ, იმისათვის, რომ ორგანიზმი მოვამარაგოთ საჭირო ნივთიერებებით (მაგალითად კალციუმით, D ვიტამინით), შეგვიძლია მივიღოთ ამ პერიოდისათვის სპეციალურად განკუთვნილი უსაფრთხო ვიტამინები საპროფილაქტიკო, რეკომენდებული დოზებით.
რა უნდა გავითვალისწინოთ ორსლობამდე?
ორსულობის დადგომამდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობისწინა გამოკვლევებს. ეს არის ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის შეფასება, ინფექციების გამორიცხვა და ყველა იმ დაავადების გამოვლენა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს ასიმპტომურად, მაგრამ შემდგომში მოახდინოს გავლენა ქალის ჯანმრთელობაზე. ამდენად, ეს გამოკვლევები ორსულობის დაგეგმარებამდე უნდა ჩატარდეს. გამოკვლევებთან ერთად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კალენდრის შემოწმებაც, რომ დაცულები ვიყოთ სხვა საშიში ვირუსული ინფექციებისგან.
იმისათვის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები ახალი კორონავირუსული ინფექციისაგან, აუცილებელია ყველა არსებული რეკომენდაციის შესრულება და როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამაინების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.