ორსულობა ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობაა, რომელიც სავსეა ბედნიერების განცდითა და პოზიტიური ემოციებით. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ფეხმძიმობისას ქალს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც დედის ორგანიზმში უამრავი ცვლილება მიმდინარეობს და ეს ცვლილებები შესაძლოა სხვადასხვა გართულების ან დაავადების განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცეს. სწორედ ამ საკითხს განიხილავს ექიმი-გინეკოლოგი, სამედიცინო კლინიკა „ინოვას“ ამბულატორიული გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, კლინიკა „ბაიების“ საბურთალოს ფილიალის დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი, ქალბატონი ეკატერინე ისაკიდი. ქალბატონი ეკა ორსულობის დროს ქვედა კიდურების ვენური დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციებს გასცემს:
„ქვედა კიდურების შეშუპების, სიმძიმის, დისკომფორტის შეგრძნებითა და სხვა ჩივილებით ხშირად მოგვმართავენ ორსულები. აღნიშნული სიმპტომები ორსულთა დაახლოებით 7-35%-ში ქრონიკული ვენური დაავადების განვითარების მანიშნებელია, მათგან 50-96% ქვდ-ს გამოვლინება სწორედ ორსულობას უკავშირდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ქვდ-ს მანიფესტირება ორსულთა 30%-ს პირველ ტრიმესტრში, ხოლო დანარჩენებს კი მეორე ტრიმესტრში ეწყებათ.
ქრონიკული ვენური დაავადება საერთო პოპულაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. სტატისტიკის თანახმად, ევროპისა და ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს სხვადასხვა სიმძიმით გამოხატული ქვდ აღენიშნება. თანამედროვე მედიცინაში ქვდ კარგად შესაწვლილი სამედიცინო მდგომარეობაა, მისი საპრევენციო და სამკურნალო სქემები კარგად არის ცნობილი, თუმცა, იგი მაინც არ კარგავს აქტუალობას, წლიდან-წლამდე იმატებს პაციენტთა რიცხვი და ახალგაზრდავდება დაავადების ასაკიც.
ქრონიკული ვენური დაავადების განვითარების მრავალი რისკ-ფაქტორი არსებობს, თუმცა მეტად ყურადსაღები და მნიშვნელოვანია: სქესი – იგი გვხვდება ქალების დაახლოებით 25% -სა და მამაკაცების 15% -ში; გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჭარბწონიანობა, ორსულობა, ცხოვრების წესი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ტრავმები, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება და ა.შ
ქვდ-ს განვითარებას საფუძვლად უდევს ანატომიური, ფიზიოლოგიური და ჰისტოლოგიური ცვლილებები, რაც უმეტესწილად გამოწვეულია კუნთოვანი და სისხლძარღვოვანი სტაზით, სარქველოვანი აპარატის არაჯანსაღი ფუნქციობით, ვენური თრომბოზით ან არათრომბოზული ვენური სტენოზით, რაც იწვევს ვენურ ჰიპერტენზიას. ქვდ-ის დროს ქვედა კიდურებში აღინიშნება ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები როგორიც არის სიმძიმის, დაღლილობის, ტკივილის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნება, შეშუპება და ღამის კრამპი. აღნიშნული სიმპტომები ძირითადად ვლინდება საღამოს, ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის, გარემოს ტემპერატურის მატების და სხვა მიზეზების დროს. ვიზუალურად, ქვდ-ის დროს თავს იჩენს გაგანიერებული, სახეცვლილი ვენები და ტელანგიექტაზიები, ასევე კანის ფერის ცვლილება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ორსულობა და გენეტიკური წინასწარგანწყობა წარმოადგენს ქვდ-ის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფატქორს, რომლის განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი მექანიზმი არსებობს:
• პირველი და მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ ორსულობის დადგომისთანავე განვითარებული ჰორმონალური ცვლილებები. დადგენილია, რომ ესტროგენისა და პროგესტერონის კონცენტრაციის მომატება იწვევს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის შემცირებას, სისხლძარღვის კედლის გლუვკუნთოვანი ტონუსის დაქვეითებას, უარყოფითად მოქმედებს შემაერთებელ ქსოვილზე – მას ნაკლებელასტიურსა და ადვილად წელვადს ხდის. აღნიშნული ცვლილებების გამო სისხლძარღვის სტრუქტურა დუნდება და იწელება. წნევას, რომელიც პრაქტიკულად ყოველ კვირას იზრდება, ვეღარ ეწინააღმდგება და იწყება ვენების გაგანიერება. შესამჩნევი ხდება შეშუპება, ტკივილი, კრამპი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება
• ჰორმონალური ცვლილებები, თავის მხრივ, მოქმდებს სისხლის შედედების ფაქტორზე
• ამასთანავე, რაც უფრო იმატებს ორსულობის ვადა, ნაყოფის ზრდისთვის საშვილოსნოს სისხლით მომარაგების მოთხოვნაც იზრდება. ეს კი იწვევს სისხლის შეგუბებას, მის დაყოვნებას ქვედა კიდურებში ან საშვილოსნოს ვენურ სისტემაში
• აღნიშნულ ფაქტორებს ემატება ფეხმძიმობის დროს წონის მატება, რაც რიგ შემთხვევებში სცილდება ნორმებს და ზრდის ქვდ-ის განვითარების რისკს
• ორსულობის დროს ქვდ-ს მიზეზად ნაკლები ფიზიკური აქტივობაც მოისაზრება, რის ფონზეც მცირდება კუნთოვანი და სისხლძარღვოვანი ტონუსი და იზრდება ქვედა კიდურებში შემაწუხებელი სიმპტომების განვითარების რისკი
• იმ პაციენტებთან, რომლებსაც ქრონიკული ვენური დაავადების განვითარების მიმართ გენეტიკური განწყობა გააჩნიათ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. ასეთ შემთხვევებში, ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან უნდა იქნას დაწყებული საპრევენციო ღონისძიებები, რათა ნაყოფის ზრდასთან ერთად ორგანიზმი დავიცვათ დაავადების პროგრესირებისა და გართულებისაგან.
ორსულობის დროს ქრონიკული ვენური დაავადების განვითარება წარმოადგენს არა მხოლოდ პაციენტის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების, არამედ ვარიკოთრომბობლეფიტის, თრომბოზისა და თრომბოემბოლიის განვითარების რისკს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას. ითვლება, რომ 40 წლამდე ქალებში თრომბოემბოლიების საერთო მაჩვენებლის 50% დაკავშირებულია ორსულობასთან. ვენური თრომბოზების განვითარების სიხშირე ორსულობის დროს წარმოადგენს 0.4-3, 5%-ს, ამიტომ ფეხმძიმობის დროს მეტად ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ვენური სისტემის სიჯანსაღეზე ზრუნვა.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ორსულობის დროს ქვდ-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის მოიცავს ზოგადად, აღნიშნული დაავადების მართვისა და პრევენციის პრაქტიკულად ყველა საკითხს:
• ჯანსაღი ცხოვრების წესი – რაც მოიცავს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, ქვედა კიდურების ვენური და კუნთოვანი სისტემის სიჯანსაღისთვის რეკომენდებულ სპეციალურ ვარჯიშებს, დაბალანსებულ კვებას და სითხის ადექვატური რაოდენობით მიღებას
• კონტრასტული დუში
• როდესაც დასტურდება ქვდ, რეკომენდებულია ელასტიური ტრიკოტაჟის გამოყენება როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის და/ან ოპერაციის დროს. ასევე ლოგინობის ხანაში, რათა თავიდან მოხდეს აცილება თრომბოემბოლიური დაავადებებისა
• ქირურგიული ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ მწვავე/გადაუდებელი მდგომარეობების დროს
• ორსულობის პერიოდში ქვდ-ს შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებისა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით სიმპტომების განვითარებისთანავე რეკომენდებულია გარეგანი გამოყენების ვენოაქტიური საშუალებების მოხმარება; რაც შეეხება ვენოაქტიური მედიკამენტების დანიშნულებას, რეკომენდებულია მხოლოდ კლინკურად დადასტურებული ქვდ-ის დროს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით.
ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, იმოძრაონ, იარონ ფეხით, იკვებონ დაბალანსებულად, დღის რაციონი მაქსიმალურად გაიმდიდრონ ხილითა და ბოსტნეულით, აკონტროლონ წონა და იზრუნონ როგორც საკუთარ, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე. ხშირად, განსაკუთრებით ცხელი დღეების მოახლოებასთან ერთად ორსულებს კიდევ უფრო უმწვავდებათ ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, აღენიშნებათ შეშუპება და აქვთ დაღლილი ფეხის განცდა. ასეთ დროს მიწევს ვენოაქტიური საშუალებების გამოყენება. როდესაც საქმე მომავალ დედას, ორსულს ეხება, ყველაზე დიდი სიფრთხილე გვმართებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ოქროს შუალედის პოვნა. რამდენიმე წელია, რაც ჩემი არჩევანი ევროპაში „ვენური ჯანმრთელობის ექსპერტად“ წოდებულ, ცნობილ, ორიგინალ ბრენდზე, „ვარიქსინალზე“ შევაჩერე. ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი ექიმისთვის, მნიშვნელოვანია, რომ „ვარიქსინალის“ თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებით, რაც ზრდის სანდოობის დონეს. მინდა აღვნიშნო, რომ მისი განსხვავებული, ბუნებრივი კომპონენტების დაბალანსებული კომპლექსი ვენოაქტიური და ვენოპროტექტორული მოქმედებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ სწრაფად ხსნის ქვედა კიდურებში შეშუპებას, სიმძიმის, ტკივილის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნებას, არამედ მნიშვნელოვანად ამცირებს დაავადების გამწვავების რისკს, მოქმედებს რა კომპლექსურად, დაავადების ყველა პათოლოგიურ კერაზე. ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, ქვედა კიდურებში განვითარებული შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებისთვის ვირჩევ “ვარიქსინალის გელს” – სწრაფი მოქმედების ფორმულას, რომელიც ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს ლაქებს, აქვს მსუბუქი გამაგრიელებელი და დამატენიანებელი მოქმედება და ქვედა კიდურებს სიმსუბუქის შეგრძნებას სძენს.
წინ ზაფხულის ცხელი დღეებია. ხანგრძლივი სოციალური იზოლაციისა და პასიური, სტრესული ცხოვრების რეჟიმის შემდეგ მინდა ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა და ვურჩიო, რომ ყურადღება მიაქციონ ქვედა კიდურებში განვითარებულ შემაწუხებელ სიმპტომებს, რათა დროულად აღამოაჩინონ დაავადება და გაუმკლავდნენ მას.
გახსოვდეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.