„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

რა არის თავბრუსხვევა და რა დისკომფორტს უქმნის ის ადამიანს? ამ და რამდენიმე აქტუალურ საკითხზე აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი სოსო ბურდულაძე გვესაუბრა:

“ვეცდები უბრალო, მკითხველისთვის ადვილად გასაგები პასუხები გაგცეთ, რათა მარტივად მოვახერხოთ მათი ინფორმირება ამ პრობლემის შესახებ. თავბრუსხვევა (უფრო სწორად, თავბრუ) მეტად ვერაგი და ადამიანისთვის ხშირად გაუსაძლისი მდგომარეობაა. ამიტომაც, უცნაური არ არის, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პაციენტი, სხვადასხვანაირად აღწერს თავბრუს შეტევას: თავბრუ დამესხა, დამაბარგანავა, დამაბრუალა, თავბრუტი დამესხა, მომსხლიტა, ბრუ დამესხა, გამაქანა, დამატრიალა, გამაბრუა, შემაქანა და სხვა… სინამდვილეში, ყოველი მათგანი ასახავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ მის გარშემო „სამყარო მოძრაობს“, ან პირიქით, თითქოს ის მოძრაობს „სამყაროს გარშემო“.

ქართულ სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში, ასეთ მდგომარეობას „თავბრუ“ ჰქვია, ამიტომაც, შემდგომში მართებული იქნება, რომ ვიხმაროთ ტერმინი „თავბრუ“. ალბათ ბევრს უნახავს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი – შედევრი „ვერტიგო“ (1958 წ) (თავბრუ), რომლის მთავარ გმირს, აქვს სიმაღლის შიში და სიმაღლეზე ასვლისას, ყოველ ჯერზე თავბრუს აუტანელი შეტევა ეწყება. ფილმი ახლოსაა რეალობასთან, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს აგორაფობიას, სიმაღლის შიშს, რომელსაც მოჰყვება პანიკური შეტევა. თუმცა, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აღმოჩნდა, რომ შემთხვევების 80%-ში საქმე გვაქვს ფსიქოგენურ (ნევროზულ) თავბრუსთან და მხოლოდ 20% შემთხვევებში არის მიზეზი სხვადასხვა ორგანული პათოლოგია. მაშ ასე, რა სირთულე ახასიათებს თავბრუს:

1. ხშირად დიაგნოზი არასწორად ისმება;
2. ნებისმიერი წარმოშობის თავბრუ საკმაოდ ძნელად ექვემდებარება მკურნალობას;
3. ხშირად ინიშნება რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტი;
4. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, თავბრუ შეიძლება ახლავდეს დაახლოებით 70 – მდე პათოლოგიურ მდგომარეობასა თუ დაავადებას;
5. ხშირად პაციენტი თავბრუსთან აიგივებს შემდეგ სიმტომებს: თვალების დაბინდვა; გაორება; საგნების ციმციმი; თვალების წინ „ბადის გამოჩენა“; გულის წასვლის წინა მდგომარეობა; თავში სიცარიელის შეგრძნება; სიმყარის არარსებობა სიარულისას ან დგომისას.
მოგვიყევით ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე…

კლასიფიკაციის მიხედვით, თავბრუ ძირითადად განიხილება ვესტიბულურ და არავესტიბულურ ვარიანტებად. თავის მხრივ, ვესტიბულურ თავბრუს ყოფენ ცენტრალურად და პერიფერიულად. ცენტრალური თავბრუს გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: თავის ტვინის უკანა ცირკულაციის ინსულტი; თავის ტვინის ტრავმა; კისრის ტრავმა.
პერიფერიული თავბრუს გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ვესტიბულური ნევრიტი; აკუსტიკური ნევრინომა (სმენის ნერვის სიმსივნე); ოტოტოქსიური პრეპარატების მიღება; ალკოჰოლი; თამბაქო; კეთილთვისებიანი, პაროქსიზმული, პოზიციური თავბრუ; ლაბირინთიტი (ანთებითი პროცესი ყურის ლაბირინთში); მენიერის დაავადება; მოძრაობის აუტანლობა (გემი, თვითმფრინავი, ავტომობილი).
არავესტიბულური თავბრუს გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებები (მაგ. გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება და სხვა); შაკიკი; მხედველობითი პრობლემები; ანემია; არტერიული ჰიპერტენზია; ფსიქოგენური თავბრუ.
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი წარმოშობის თავბრუს შეიძლება ახლდეს: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, სიფერმკთალე, გულის წასვლა, შფოთვა, შიში (განსაკუთრებით წაქცევის) და ავტონომიური ნერვული სისტემის მოშლის სხვა სიმპტომები. ფსიქოგენური თავბრუ (პანიკური შეტევა, ჰიპერვენტილაციური სინდრომი) ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ფსიქოტრავმის შედეგად.

რა ძირითადი გამოვლინებები ახასიათებს თავბრუს?

კლინიკური მანიფესტაციის თავისებურებების მიხედვით გამოიყოფა თავბრუს ოთხი კატეგორია, ესენია: ვერტიგო (ჭეშმარიტი თავბრუ), წონასწორობის დარღვევა, პრესინკოპე ან თავში სიცარიელის შეგრძნება. ვერტიგო (ანუ ჭეშმარიტი თავბრუ) თავბრუს ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანს ეჩვენება, რომ მის ირგვლივ ყველაფერი მოძრაობს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულებით. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თვითონ ტრიალებს. აღნიშნული შეგრძნება ხშირად მსუბუქი და ოდნავ შესამჩნევია, თუმცა ზოგჯერ საკმაოდ ძლიერია და შესაძლოა დაცემაც კი გამოიწვიოს. აღნიშნული ტრიალის შეგრძნება წონასწორობის დარღვევას იწვევს, რაც ართულებს მოძრაობას.

შესაძლოა თუ არა თავბრუს პრევენცია?

თუ არსებობს თავბრუსადმი ორგანიზმის წინასწარგანწყობა, მზაობა, მიდრეკილება ან იმ შემთხვევაში, თუ უკვე გქონდათ თავბრუს შეტევა, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მეტ-ნაკლებად დაგეხმარებათ თავბრუს პრევენციაში: ძილის დროს თავი მოათავსეთ შედარებით მაღლა, აუცილებლად გამოიყენეთ ბალიში; დილით, გაღვიძებისთანავე სწრაფად ნუ ადგებით. ფეხზე ადგომამდე ჩამოჯექით საწოლის კიდეზე რამოდენიმე წამით (30-40 წმ) და შემდეგ წამოდექით ნელ-ნელა; მოერიდეთ თავის მკვეთრ მოძრაობას (მობრუნებას, დახრას, გადაწევას); მოერიდეთ მკვეთრად ძირს დახრას საგნის ასაღებად; უარი უთხარით თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას; იცხოვრეთ ჯანმრთელი წესით (ცურვა, ფიტნესი).

როგორია თავბრუს მკურნალობის რეკომენდაციები?

თავბრუს მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებსა და სიმპტომების სიმწვავეზე. თავბრუ, რომელიც წარმოიშობა ყურის ტკივილის გამო, ჩვეულებრივ, მსუბუქია და ქრება ყურის ტკივილთან ერთად. თუ თავბრუ ძალიან მწვავეა ან თან ახლავს ღებინება, საჭირო ხდება მედიკამენტის დანიშვნა. როდესაც თავბრუს მიზეზი ლაბირინთიტია, გირჩევთ, წყნარად იწვეთ ნაკლებად განათებულ ოთახში იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ გულისრევის და თავბრუს შეგრძნების ატანა. თავბრუს მკურნალობისთვის ხშირად მიმართავენ რეაბილიტაციის პროგრამას, რაც პაციენტის მიერ ყოველდღიური ვარჯიშების შესრულებას ითვალისწინებს.

თავბრუს სამკურნალო სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებიდან მსოფლიოში აქტუალურია „ბეტაჰისტინი“- ნივთიერება, რომელიც აძლიერებს სისხლის ნაკადს შიგნითა ყურის ირგვლივ და იწვევს ჰისტამინური რეცეპტორების დათრგუნვას, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია როგორც თავბრუს პრევენცია, ისე მისი მკურნალობა. დღევანდელ დღეს, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში, ამ ჯგუფის მედიკამენტებიდან თამამად ვიყენებ „სერკასტინს“. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის შედეგებით, 6 თვიანი თერაპიის ფონზე, შესაძლებელია ნებისმიერი წარმოშობის თავბრუს ეპიზოდების სიხშირის მკვეთრად შემცირება, განსაკუთრებით თავბრუს რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებში. „სერკასტინის“ 24-დან 48 მილიგრამამდე დღიური დოზით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს თავბრუს ეპიზოდებსა და მიმდინარეობის სიმწვავეს, ნებისმიერი გენეზის თავბრუს მიმდინარეობისას!