სეზონური ალერგიული რეაქციები და Covid-19

ალერგიული რეაქციები აერთიანებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, დერმატიტი, კვებითი ალერგია, ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია,  წამლის მიერი ალერგია, რინო კონიუნქტივიტი, ანაფილაქსია და სხვა ქრონიკული ანთებითი დაავადებები. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ალერგიული დაავადებები მოსახლეობის 30-40%-ს აწუხებს. მაგალითად, ასთმა მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონ ადამიანს აქვს და ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი 2025 წლისათვის, 400 მლნ-მდე გაიზრდება. ალერგიული დაავადებების ტიპები და მათი სიმპტომები Covid 19-ის ჭრილში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განიხილა.

„ალერგია არ წარმოადგენს ერთჯერადად აღმოცენებულ დაავადებას და თავის მხრივ, კავშირშია იმუნური სისტემის დაქვეითებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ალერგიის მკურნალობა დიდი ხნის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს. ალერგიული დაავადებების რისკის ზრდას არაერთი ფაქტორი განაპირობებს და თავის მხრივ ალერგიული დაავადებები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მაგალითად, კვლევების თანახმად, საქართველოს ორ რეგინში, ქუთაისსა და თბილისში ასთმის რისკი განსაკუთრებით მაღალია.
კვლევების თანახმად, ალერგიული რინიტის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდება. გამოკვლეული 22 ქვეყნის  54 178 ბავშვიდან (მათ შორის საქართველოშიც), ალერგიული რინიტის მაჩვენებელი მკვეთრად მაღალია. საქართველოში კონიუნქტივიტით მიმდინარე რინიტის რიცხვი 7% -ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ალერგიული რინიტის პათოგენეზი
ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ალერგიული დაავადება რინიტია, რომლის არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ბრონქული ასთმა განვითარდეს. ალერგიული რინიტი შესაძლოა იყოს ქრონიკული და მწვავე. ის უფრო სეზონურია და ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვითარდება. მაგალითად: ხეების ყვავილობისთანავე თავს იჩენს ცემინება, ცხვირში გამჭვირვალე ლორწოვანი  გარსის დაგროვება, რომელიც რთულ შემთხვევაში შესაძლოა მოყვითალოც იყოს. რინიტის კონიუნქტივიტით განვითარებისას იწყება თვალის სიწითლე და ანთება. ამ დროს პაციენტს აწუხებს ქავილი და წვა. ორივე შემთხვევაში, ვითარდება ცემინება, წვა, სასის ქავილი და სხვა.

რინიტის შედარებით იშვიათი ფენოტიპებია: მედიკამენტით გამოწვეული (მაგალითად ასპირინით, კოკაინით, ჰორმონალური მედიკამენტებით) რინიტი, მენსტრუალურ პროცესებთან დაკავშირებული, კონტრაცეპტიულ აბებთან დაკავშირებული და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზთან ასოცირებული რინიტი. არსებობს საკვებით და სიცივით გამოწვეული რინიტი, ასევე მოხუცებულთა რინიტი.

პედიატრიატრიული რინიტი ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშნით ხასიათდება – ეს არის ევსტახის მილის დისფუნქცია. შესაძლოა ბავშვს აღენიშნებოდეს რინიტი და გამოიხატებოდეს ევსტახის მილის დისფუნქციით, რაც იწვევს ყურის ტკივილს, სმენის დაქვეითებას და სხვა.  პედიატრიული რინიტი ასევე ხასიათდება ძილის დარღვევით, სწავლისადმი მოდუნებით და მრავალი ნიშნით. ალერგიული ან არა ალერგიული რინიტის ნიშანია ცალი ნესტოდან გამონადენი, იმუნოგლობულინი A-ს დეფიციტი, ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, ღია პირით სუნთქვა და ძილში ხვრინვა.

არსებობს რინიტის მკურნალობის სხვადასხვა საშუალება: ცხვირის გამხსნელები, სტეროიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები, იმუნოთერაპია და სხვა. განსაკუთრებით ეფექტიანი ცხვირის გამხსნელებია. მართალია ქავილსა და ცემინებას ვერ ამცირებს, თუმცა ეფექტიანად ხსნის ცხვირის გაჭედვას. როდესაც არც ალერგიული რინიტი გვაქვს და არც ინფექციური, მაგრამ გვაქვს ცხვირის პრობლემები, ეს ნიშნავს, იმას, რომ საქმე გვაქვს არა ალერგიულ რინიტთან. მისი მკურნალობა მედიკამენტოზური გზით ხდება.

ალერგიის პრევენციის ფინური პროგრამის მიხედვით, იმუნიტეტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია გარემოსთან ხშირი კონტაქტი, პრობიოტიკული ბაქტერიების საკვებით ან პრობიოტიკული მედიკამენტებით მიღება, ორგანიზმში D ვიტამინის ბალანსის აღდგენა, თამბაქოს მოწევისაგან თავის შეკავება და სხვა.

ალერგია და COVID-19
ახალ კორონავირუსულ ინფექციას არ ახასიათებს სურდო. ისეთი ნიშნებისას, როგორიც არის ცხვირის სიმშრალე, ცხელება, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, ასევე მოდუნება და სისუსტე – ადამიანმა უნდა მიმართოს სპეციალურ, Covid-19-ის სამკურნალო ცენტრებს.

ასთმა – Covid-19-ის დროს ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ასთმასთან დაკავშირებული რეკომენდაციები – ამ დროს, აუცილებლობის შემთხვევაში საინჰალაციო წამლების მიღება გრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი ისედაც იღებს ასთმის მედიკამენტებს, იმუნური სისტემა შესუსტებულია.

რინიტი – Covid-19-ის ინფექციის სამკურნალო საშუალებებს არანაირი დაბრკოლება არ აქვს რინიტის სამკურნალო საშუალებებთან და ერთმანეთის მოქმედებას ხელს არ უშლის.

ფატალური ალერგია – ანაფილაქსია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი დაავადებაა. ანაფილაქსიას ოთხი ძირითადი გამომწვევი მიზეზი აქვს: ნაკბენი, ლატექსი, მედიკამენტები და საკვები. მან თავი შესაძლოა იჩინოს: ალკოჰოლთან მიმართებაში, გადატვირთვისას, ემოციური სტრესის დროს, პრემენსტრუალურ პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას და სხვა.  მცდარია შეხედულება, რომ დექსამეტაზონი კურნავს აღნიშნულ დაავადებას.

როგორ გავარჩიოთ  ალერგია სეზონური გაციებისგან?
ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელია გამჭვირვალე გამონადენი და არ ახასიათებს ტემპერატურის მატება. სეზონურ გაციებას კი ცხელება და ცხვირიდან ყვითელი გამონადენი ახასიათებს. გაციების დროს სიმპტომები 3-7 დღე მიმდინარეობს, ხოლო ალერგიის დროს ბევრად დიდხანს, მაგალითად ერთ თვემდე.

ალერგია დგინდება კანის სინჯებით, In-Vitro გამოკვლევით, სისხლის ანალიზით და სხვა. კანის სინჯების დროს ადამიანს კანზე ეწვეთება ჰისტამინის წვეთი. თუ კანი ამოიბურცა ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ალერგიული რეაქცია აქვს კონკრეტულ ნივთიერებაზე.

როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიულ რინიტს?

  • პირადი ჰიგიენა: ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი წყლით, ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე შეისხით წყალი თვალებზე ყურებზე და ცხვირზე;
  • მოიწესრიგეთ ძილის ფიზიოლოგია – დაიძინეთ ადრე;
  • სახლის დალაგებისას, აუცილებლად გამოიყენეთ მტვერსასრუტი (უმჯობესია HEPA ფილტრით);
  • ავეჯის დასუფთავებისთვის გამოიყენეთ სველი საშუალებები;
  • ხშირად ცვალეთ თეთრეული, რადგან იქ შეიძლება ბუდობდნენ ალერგენები;
  • კონდიცირების სისტემა HEPA ფილტრით უნდა იყოს აღჭურვილი;
  • ატარეთ ნიღაბი გარე სამუშაოს შესრულების დროს;
  • მოერიდეთ გარეთ აქტიურ ყოფნას მცენარეთა ყვავილობის მწვავე პერიოდში;
  • თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან;
  • ალერგიის განვითარების რისკს ამცირებს ასევე ანტიბიოტიკების იშვიათი გამოყენებაც.

ალერგიის საპრევენციოდ შეგიძლიათ მიმართოთ ალერგიულ იმუნოთერაპიას. ეს მეთოდი წლების მანძილზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების შედეგად დაიხვეწა და აბსოლუტურად უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.”